რა შეუძლია გააკეთოს მძღოლს, თუ დააჯარიმებენ

2023-09-04 15:31:57

თუ ავტომესაკუთრე ჩვენი ეკიპაჟის გამოწერილ შედეგებს არ დაეთანხმება, მას ჯარიმის გამოწერიდან 2 საათი აქვს, რომ გადაიყვანოს ავტომანქანა მისთვის სასურველ, ტექინსპექტირების ნებისმიერ ცენტრში, ახლიდან გაატაროს ტექდათვალიერება და თუ კონკრეტულ ცენტრში დაფიქსირდება, რომ გამონაბოლქვის შედეგები განსხვავებულია და არის სასარგებლო ავტომესაკუთრისთვის, ჯარიმის ანულირება მოხდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან გზებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს. არსებული რეგულაცია საქართველოს 4 ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და რუსთავში გატარდება.

"დღეიდან, 2023 წლის 4 სექტემბრიდან უკვე დაიწყება საქართველოში გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი. აღნიშნული რეგულაცია არსებულ ეტაპზე გატარდება 4 დიდ ქალაში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება დაევალა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომლის ეკიპაჟებიც უკვე დღეიდან მოძრაობენ ზემოთ ჩამოთვლილ 4 ქალაქში. სულ დაკომპლექტდა 10 ეკიპაჟი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება ქუჩებში და შესაბამისი წესით ავტომობილების კონტროლი ხდება. რაც შეეხება უშუალოდ კონტროლს, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდა, რომ მომზადებული შეხვედროდა არსებულ რეგულაციას, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ გამზომი ხელსაწყოები და აპარატურა, რომელიც აპრობირებულია ევროკავშირის ბაზარზე, მას იყენებს სხვადასხვა სახელმწიფო და ასოცირებულია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან, დეპარტამენტის ეკიპაჟები აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი ხელსაწყოებით, ასევე ეკომეგობრული მანქანებით, რომელსაც გამონაბოლქვი არ აქვს", - განაცხადა ტარიელ ირემაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.

"შემოწმება ხდება შემდეგნაირად: ვთქვათ ავტომესაკუთრე გადაადგილდება ქალაქში და გამონაბოლქვი მანქანიდან ჩანს, შეუძლია ჩვენს ეკიპაჟს ავტომობილი გააჩეროს და შესაბამისი ხელსაწყოთი შეამოწმოს და თუ ფიქსირდება მავნე ნივთიერებები, რომელიც ამ შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით არის მიღებული, შეუძლია ჩვენს ეკიპაჟს, რომ კონკრეტული ჯარიმა დაწეროს, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ეს ჯარიმა გახლავთ ფიზიკურ პირებზე პირველ ეტაპზე 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია, თუ 15 დღის ვადის პერიოდში იგივე დარღვევა განმეორებით გამოიწვევს ჯარიმის გასამმაგებას, ანუ 300 ლარი ოდენობას და მესამე ეტაპი უკვე არის 600 ლარი - 15 დღის პერიოდში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომესაკუთრეს ექნება საშუალება, რომ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის გადახდის დროს ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით, როგორც ეს საპატრულო ჯარიმის შემთხვევაში არის. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციები კანონმდებლობის მიხედვით არის განსხვავებული, პირველ ეტაპზე არის 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია. აქაც სამ ეტაპიანი საჯარიმო სანქციაა - 1 500 და 3 000 ლარი 15 დღის ვადის გასვლის შემდეგ.

ავტომანქანას, რომელსაც ჩვენ გავაჩერებთ და ავტომესაკუთრე ან კონკრეტული მძღოლი ჩვენი ეკიპაჟის გამოწერილ შედეგებს არ დაეთანხმება, მას ჯარიმის გამოწერიდან 2 საათი აქვს, რომ გადაიყვანოს ავტომანქანა ნებისმიერ, მისთვის სასურველ ტექინსპექტირების ცენტრში, ახლიდან გაატაროს ტექდათვალიერება (ამ შემთხვევაში ტექდათვალიერება გადის ახლიდან, არა მხოლოდ გამონაბოლქვზე, არამედ ყველაფერზე სტანდარტულად) და თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ ტექინსპექტირების ცენტრში დაფიქსირდება, რომ შედეგები განსხვავებულია, ჯარიმის ანულირება მოხდება. თუმცა, თუ შედეგები დარჩა იგივე, ამ შემთხვევაში ავტომესაკუთრეს მოუწევს, როგორც საჯარიმო სანქციის გადახდა, ასევე დადგენილი, სტანდარტული 60 ლარის (ტექდათვალიერების საფასურის) გადახდა. თუ მოხდა შესაბამისი საჯარიმო სანქციის გაუქმება, მაინც მოუწევს 60 ლარის (ტექდათავლიერების თანხის) გადახდა, რადგან ეს ინიციატივა - თავიდან ტექდათვალიერების გატარების, მოდის ავტომესაკუთრისგან და ეს მის ნება სურვილზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ტარიელ ირემაძემ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში.

მისივე თქმით, "ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც რეგისტრირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მას აქვს სპეციალურად მინიჭებული რეგისტრირებული ნომერი, შესაძლოა, რომ დაჯარიმდეს ჩვეულებრივი წესით. ამ შემთხვევაში, თუ კი ჯარიმა გადახდილი არ იქნება, იგი საქართველოს საზღვრებს ვერ დატოვებს".