2023 წლის სექტემბრიდან საქართველოში რამდენიმე ახალი ცვლილება ამოქმედდება. კერძოდ, ერთი ეხება მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, რომელსაც ახალი კითხვები დაემატება, მეორე - შრომით მიგრაციას, მესამე - 4 ქალაქში მანქანების გამონაბოლქვზე შემოწმებას, ასევე სექტემბრიდან აიკრძალება ევროპული ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი. გარდა ამისა, პირველი სექტემბრიდან დედაქალაქსა და რეგიონებში ბიზნესისთვის გაზის ტარიფი შემცირდება.
მართვის მოწმობის გამოცდას ახალი კითხვები დაემატება
2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. კერძოდ, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.
გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს,“ - აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
შეგახსენებთ, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.
შრომით მიგრაციას კანონი დაარეგულირებს
1-ლი სექტემბრიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ახალი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.
ამას გარდა, ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.
რუსეთში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება
2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში ევროპიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება. აღსანიშნავია, რომ ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტი 1-ლი აგვისტოდან უკვე აკრძალულია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირიდან იმპორტირებული მანქანების რუსეთში ექსპორტს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.
4 ქალაქში მანქანები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან
საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ავტომობილები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს 4 სექტემბრიდან განახორციელებენ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი საჯარიმო სანქციები წესდება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ განაცხადა, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, ხოლო მესამედ - 3000 ლარით.
ტარიელ ირემაძის განმარტებით, პირველი დაჯარიმების შემდეგ მძღოლს ექნება 15 კალენდარული დღე, რათა ავტომობილის გამონაბოლქვი ნორმას დაექვემდებაროს. ხოლო თუ ამ 15-დღიანი ვადის შემდეგ კვლავ ნორმას გადააჭარბებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, სწორედ ამის შემდეგ მოხდება ჯარიმის გასამმაგება.
ბიზნესისთვის ბუნებრივი აირი იაფდება
2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი 13 თეთრით გაიაფდება, თბილისში კი 11 თეთრით. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს, დედაქალაქის შემთხვევაში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განცხადებები აგვისტოს დასაწყისში გაავრცელეს.
„1-ლი სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე,"- ნათქვამია კომპანიის მიერ აგვისტოს დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციაში.
1-ლი სექტემბრიდან ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესახებ განცხადება 28 ივლისს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ და „საქორგაზმაც“ გაავრცელა.
„საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი“, - აცხადებენ კომპანიაში.
ბუნებრივი გაზის საფასური 1-ლი სექტემბრიდან “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვისაც შეიცვლება. “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.