სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში საერთოდაც არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და როდის ირღვევა ის.
რა უნდა მოვითხოვოთ დამსაქმებლისგან, სამსახურის დაწყებიდან რამდენ ხანში და რამდენი დღის განმავლობაში გვეკუთვნის ანაზრაურებადი თუ არაანაზრაურებადი შვებულებები?
კანონით განსაზღვრულ დეტალებზე, შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლში, უფროსი შრომის ინსპექტორი, გიორგი ნოზაძე საუბრობს.
"შვებულების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდგომ წარმოეშობა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, უფრო ნაკლები ვადაც განისაზღვროს. საქართველოში, შრომის კოდექსი, დასაქმებულს აძლევს უფლებას, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, სულ მცირე, 24 სამუშაო დღე და ანაზღაურების გარეშე შვებულებით, სულ მცირე, 15 კალენდარული დღე.
მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოეზე მომუშავე დასაქმებულებს, ეძლევათ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება, წელიწადში 10 კალენდარული დღე. დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობა. აკრძალულია, ანაზღაურებადი შვებულების მომდევო წლისთვის, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას, დასაქმებული ვალდებულია, 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი, აღნიშნული შვებულების აღების შეახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, ან ოჯახური პირობების გამო, გაფრთხილება შეუძლებელია",- ამბობს უფროსი შრომის ინსპექტორი გიორგი ნოზაძე.