ბენზინი გაძვირდა

2017-11-14 22:32:46

საქართველოში საწვავის ფასმა რამდენიმე თეთრით მოიმატა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი 4-10 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულზე 15 თეთრამდე გაძვირდა. საწვავზე ფასის მომატებას ექსპერტები ლარის კურსს და საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ.

საწვავზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს oilnews.ge - „ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დაახლოებით ბოლო 2 წლის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.16 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 56.76 დოლარი/ბარელზე.

ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელების პერსპექტივით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყენამ მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით მისი შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით. 2017 წლის მაისში ის გაგრძელდა კიდევ 9 თვით 2018 წლის მარტის ბოლომდე. მ/წლის 30 ნოემბერს ვენაში დაგეგმილია „ოპეკი +“-ის  მორიგი შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ მოხდება აღნიშნული შეთანხმების გაგრძელების საკითხის განხილვა.

ოქტომბრის თვიდან მოყოლებული მოხდა საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ბენზინის  ფასი გაიზარდა  საშუალოდ 70-80 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის - 40-50 დოლარით/ტონაზე.

უნდა აღინიშნოს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის   გაუფასურება დოლართან  მიმართებაში. შედარებისათვის, ოქტომბრის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4764 ერთეულს,  ხოლო დღეისათვის -  2,6538  ერთეულს.

საერთაშორისო ფასის ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში დოლართან მიმართებაში მოხდა ასევე საწვავის ფასის ზრდა საქართველოს საცალო ქსელში. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში მოხდა  რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის მატება: ევრო დიზელის საწვავის - საშუალოდ 6-11 თეთრით ლიტრაზე, რეგულარი ტიპის ბენზინის - 5-10 თეთრით/ლიტრაზე."