განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას სტუმრობდა. მინისტრმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და განათლების სისტემაში განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა. ღონისძიებას რუსთვის #30 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ქალაქის მერი დავით ჯიქია, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ესწრებოდნენ. მე-4 სკოლის პედაგოგებმა სტუმრებს, სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები გაუზიარეს და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცეს. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლას, წარმატებები უსურვეს და აქცენტი რეგიონული სკოლების განვითარებაზე გააკეთეს.