რუსთავში, ცენტრალურ პარკში, ლეონიძისა და ახალგაზრდობის სკვერებში კვების ობიექტები განთავსდება.
კვების ობიექტების მოსაწყობად საჭირო ნაკვეთების გატანა აუქციონზე 2-ჯერ მოხდა, თუმცა მონაწილეობა არავის მიუღია.
აღნიშნულის გამო ქონების აუქციონზე გატანა შეცვლილი პირობებით მოხდება.
ცვლილება საკრებულოს დეპუტატებს ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა წარუდგინა.
აუქციონში მონაწილეობისთვის პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: საიჯარო ქონების ინტერიერის და მისი მიმდებარე გარემოს ლანდშაფტის შესაბამისი, თანამედროვე სწრაფი კვების ობიექტის(კაფის ან/და ღია კაფის) მოწყობა. განსათავსებელი ობიექტის ესკიზი.პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში თავდაპირველი პროფილის შენარჩუნება. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების ქსელის(არანაკლებს 5 ობიექტი) პირდაპირი ან დაკავშირებული პირის მეშვეობით ფლობის/ოპერირების/ფუნქციონირების დამადასტურებელი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გამოცხადდება გაუქმებულად.
საკრებულოს სხდომაზე საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
მხარი არ დაუჭერია ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 6-მდე დეპუტატს.
"ჩატარდა საკრებულოს რიგითი სხდომა, სადაც 11 საკითხი იყო განხილული. საკითხების ძირითადი ნაწილი ეხებოდა ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და ასევე მშენებლობის ნებართვებზე შესრულებული ვალდებულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემას. ყველა საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მერია გამოვიდა ინიციირებით, რომ იქ სადაც სკვერებია, გაკეთდეს მინი კვების ობიექტები და ხელშეკრულების პირობებში მოთხოვნილებაა, რომ რომელიმე ბრენდი შემოვიდეს და გარკვეული პირობებია დაწესებული, რომ მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება ამ მიმართულებით. პირველი აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, არ შედგა და ახლა თავიდან ცხადდება",- განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ შეროზიამ.