1-ელი ივლისიდან რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის ხელფასების ზრდაა დაგეგმილი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ავტობუსების მძღოლებს ხელფასი 200, ხოლო კონტროლიორებს 100 ლარის ოდენობით უნდა გაეზარდოთ.
საკითხი განსახილველად რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა და საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც წარმომადგენლობით ორგანოში სხდომა ჩატარდება.
შეგახსენებთ, რუსთავის მერიაში ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ქალაქის ბიუჯეტი 112 მილიონ ლარამდე იზრდება და საზოგადოებას გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი განსახორციელებელი პროექტები გააცნო.