რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
საკრებულოს რიგით N22 სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებლ 3 საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომიდან საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 10 საკითხი არ გადავიდა.
"იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადატანაც ბიუროდან საკრებულოზე ვერ მოხერხდა, გაიმართება კომისიები და ჩავნიშნავთ რიგგარეშე სხდომს. სამსახურების უფროსების მხრიდან უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საკითხები, ამიტომ საკრებულოს დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ ქონების სამსახურმა ქონების საკითხები წარმოადგინოს, ფინანსურმა ფინანსური და ასე შემდეგ. რიგ შემთხვევებში, დასმულ კითხვებზე პასუხები არ არის. საკრებულოს დეპუტატი რომ გადაწყვეტილებას იღებს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა და უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სწორად აძლევს ხმას", - აცხადებს ნოდარ შეროზია.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის" საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესში.
ცვლილებების მიხედვით, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ მუზაშვილის განცხადებით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტით მგზავრობის გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, კონტროლის განხორციელების მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაზუსტდა საჯარიმო ქვითარში არსებული მონაცემები და დამტკიცდა მატერიალურთან ერთად, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა.