"პაციენტმა სულ კლინიკაში 10 წუთი დაჰყო"

2023-05-18 16:35:05

სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე კლინიკა „გორმედი“ განმარტებას აკეთებს.

„გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, კლინიკის პედიატრიულ მიმღებში შემოყვანილი იქნა ( თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე.) არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი. დედის გადმოცემით ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილას დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით. პაციენტმა სულ კლინიკაში 10 წუთი დაჰყო, შესაბამისად ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში( რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).

შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკა „გორმედი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს.