ბოლო 1 თვის მონაცემები

2017-11-06 23:18:07

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროდუქტის ფასმა მოიმატა. გაძვირდა როგორც ბოსტნეული, ისე ხორცი და რძის ნაწარმი. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით 1 კგ ხახვის ფასმა დაახლოებით 20 თეთრით მოიმატა. თუ სექტემბერში ან ოქტომბერში 1 კგ ხახვის შეძენა 80 თეთრად იყო შესაძლებელი, ახლა მისი ფასი 1 ლარია. დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა ჭარხალიც. ამჟამად 1 კგ ჭარხლის ფასი საშუალოდ 1.50 ლარს შეადგენს. მოვაჭრეების განცხადებით, გაძვირებულია საქონლის ხორციც, რომლის ფასმაც, დაახლოებით, 2 ლარით მოიმატა და ახლა 1 კგ ხორცის შეძენა 13 ლარადაა შესაძლებელი. გაძვირდა ყველიც, კერძოდ, იმერული ყველის ფასმა 2 ლარით მოიმატა და მისი შეძენა 9 ლარადაა შესაძლებელია.  არის ისეთი პროდუქტებიც, რომელთა ღირებულება არ შეცვლილა, ან გაიაფდა კიდეც. მაგალითად, მწვანილი 10 თეთრით, ხოლო კალმახი 1 ლარით გაიაფდა და მისი შეძენა 13.50 ლარის ნაცვლად 12.50 ლარად არის შესაძლებელი. არ შეცვლილა კარტოფილის ფასი, რომლის ღირებულებაც 90 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს და ასევე არ გაძვირებულა კომბოსტო, რომლის შეძენაც 60 თეთრადაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ არ მომატებულა არც კვერცხის და ფქვილის ფასები. მოვაჭრეები პროდუქტების გაძვირებას, ძირითადად, დოლარის კურსის ცვლილებას უკავშირებენ.