რუსთავში სხვადასხვა ტერიტორია ძაღლების ლეშისგან გაასუფთავეს

2023-05-13 19:22:00

რუსთავის "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრმა" მე-11 მიკრორაიონისა და იაღლუჯის ფერდობის მიმდებარედ არსებული ტერიტორიები ძაღლების ლეშისგან გაასუფთავა.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ჩოფლიანის თქმით, ძირითად შემთხვევაში, მკვდარი ძაღლების წესის დაცვის გარეშე დამარხვა ან მსგავსი სახით სხვადასხვა ტერიტორიაზე დაყრა, მოსახლეობის მხრიდან ხდება.

"რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი უკვე 2 წელიწადია ფუნქციონირებს და ემსახურება ქალაქს, ქალაქის განვითარებას და რუსთავს უწყობს ხელს იმ კუთხით, რაც ჩვენ ჩაბარებული გვაქვს. სწორედ ამიტომ, პირდაპირ უარს ვაცხადებთ იმაზე, რომ ჩვენი დაყრილია ქალაქში ეს ძაღლები და მოსახლეობას მოვუწოდებ, გარემოზე იზრუნონ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს, ჩვენი სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას, როგორც კი დაფიქსირდა ცხელ ხაზზე ინფორმაცია, მყისიერად შეასრულა ჩვენმა სამსახურმა მონიტორინგი და რეაგირება მოახდინა ამ ყველაფერზე. გამოყვანილი მე-11 მიკროარიონის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე ძაღლი და ასევე, იაღლუჯის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე ძაღლი", - განაცხადა ჩოფლიანმა.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავში სხვადასხვა ტერიტორიაზე მკვდარი ცხოველები წესის დარღვევით იყო დაყრილი, "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.