ნინო ლაცაბიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2023-04-21 11:17:00

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის ,,საქართველო - აწმყო, მომავალი და წარსული“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. პროექტი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სტუდენტების შეხვედრებს ითვალისწინებს და მისი პირველი სტუმარი, ნინო ლაცაბიძე გახდა. სტუ-ში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა სტუდენტებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ,,ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების გეგმებზე, იმ პროექტებზე და რეფორმებზე, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს. რაღა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომელთაც მთელი ქალაქი ვცდილობთ რომ ერთად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. სტუდენტებთან შეხვედრისას, ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელება, რუსთავის მერიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. სტუდენტებთან შეხვედრამდე, რუსთავის მერი რექტორს დავით გურგენიძეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას და რექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, საკუთარი ინიციატივები გაცნო და სტუ-თან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ,,ჩვენს ფაკულტეტზე დავიწყეთ პროექტი - ,,საქართველო - აწმყო, მომავალი და წარსული“, პროექტის ფარგლებში ვხვდებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. დღეს პირველი შეხვედრ გვქონდა ქალაქ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან. ძალიან საინტერესოდ, დინამიურად ჩაიარა შეხვედრამ. ქალბატონმა ნინომ ქალაქის განვითარების შესახებ შთამბეჭდავად და ამომწურავად ისაუბრა“, - განაცხადა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.