ფონიჭალაში ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, რუსთავი-თბილისის გზაზე გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობაც.
როგორც შეკრებილებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ.
"აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო კანონი, რომ 29 მარტიდან რაცაა ნაყიდი, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანები, ქვეყანაში არ შევა. 30 დღე მოგვცეს დრო. მაგრამ ჩვენ იაპონიიდან, ამერიკიდან გვაქვს მანქანები გამოწერილი, გზას დრო სჭირდება 6-7 თვე, რომ საქართველომდე ჩამოვიდეს. თავიანთ მოქალაქეებს მისცეს უფლება თვეები, ინვოისით ვისაც აქვს გადახდილი ამანათის შეკვეთის დროს, ის მანქანები შევიდეს ქვეყანაში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ვართ ჩვენ, აქედან რომ გვაქვს ნაყიდი და აზერბაიჯანის იმედზე რომ გვაქვს ნაყიდი, უნდა შევიდეს, დრო უნდა მოგვცენ, როგორც თავიანთ მოქალაქეებს მისცეს დრო.
ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა უნდა მიმართოს, რომ როგორც თავიანთ მოქალაქეებს მისცეს შეღავათი, იგივე ჩვენც უნდა მოგცენ და ის მანქანები, რაც გზაშია, შევიდეს. გვინდა დაგვეხმარონ, ჩვენი ხმა რომ გააგებინონ", - განაცხადა ერთ-ერთმა ავტოდილერმა.
აქციის მონაწილეების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასობით დოლარს იზარალებენ.
მათივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით არაერთ ორგანოს მიმართეს, თუმცა დახმარება ვერ მიიღეს.