ვის გაუძვირდა და გაუიაფდა კრედიტი

2023-03-29 11:43:48

2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.8% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი - 12.9% იყო.

2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე იანვართან შედარებით, 7,4%-დან 7.9%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 8.6%-დან 8.4%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 5%-დან 7%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები თებერვალში იანვართან შედარებით 17%-დან 16.9%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 13.9%-დან 14%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე - პირიქით, შემცირდა ერთ თვეში და 18.9%-დან 18.7%-მდე დაიწია.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ზოგადად სესხები გაძვირდა 12.8%-დან 13.8%-მდე. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6.4%-დან 7.9%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 16.4%-დან 16.9%-მდე გაიზარდა.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი