1 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

2023-03-29 11:07:31

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.

დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

"ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებში იმყოფებოდა და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ამ წუთებში მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ოზურგეთის მერიასთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა", - განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ქარმა პრობლემები შექმნა სენაკშიც და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ რამდენიმე კორპუსი.

აჭარაში ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამი ადამიანი კი ბათუმში დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

"ერთ ქალს შუშა დაეცა, ასევე ჯიხური გადაბრუნდა და მეორე ადამიანიც დაშავდა, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი კი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული.

"ძლიერმა ქარმა ბათუმი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ელექტროგადამცემი ბოძები და სადები დაზიანებულია, შეფერხებულია ბათუმის მთავარ შემოსასვლელში მოძრაობა, თამარის მეფის გამზირზე ელექტრობოძები არის წაქცეული",- განაცხადეს ბათუმის მერიაში.

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.

ძლიერმა ქარმა ხანდაზმულ წყვილს სახლი დაუნგრია ჩაქვში. ქალი დაზიანებით კლინიკაშია გადაყვანილი.

"სახლი წააქცია. გათიშული იყო, ახლა კარგად არის, არაუშავს. დაჟეჟილობები აქვს. წასასვლელს მოვნახავთ მაგრამ შენი საკუთარი ხომ გინდა, ამაზეა ლაპარაკი, ხვალ რა ვქნათ და ზეგ", - ამბობს დაზარალებული გურამ ბოლქვაძე.