"ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს"

2023-03-27 18:19:08

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე ზურაბიშვილმა, შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამართლების კუთხით მდგომარეობას.

მან დაგმო ქალებზე როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი თავდასხმა.

"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო ამის სხვადასხვა ფორმით გამართლება. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია აქვთ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად, ასევე მორალურად. მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება.

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას სიტყვიერსა თუ ფიზიკურს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში როგორც ქალი, და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან და ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რასაც შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ, და იმედი მაქვს კიდევაც იცნობენ, როგორც ძლიერი ქალის ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას.

ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციის იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორით ქაღალდზე დატანილს.

მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა",- განაცხადა პრეზიდენტმა.