"სოფლებში რომ იღებენ კანალიზაციას, მოდიან და ყრიან აქეთ-იქით"

2023-03-25 14:51:07

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის შემდეგ, სატვირთო ავტომობილები ფეკალურ მასებს მათ საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ცლიან. მოსახლეობის თქმით, ადგილზე გაუსაძლისი სუნია.

მათივე ინფორმაციით, დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"მერიაშიც ვიყავით, ყველგან ვიყავით, მაგრამ არაფერი რეაგირება არ მოუხდენიათ. რამდენიმე წელიწადია ეს ადგილი ასეა გაუბედურებული. ზამთარში მაინც არ ხსნი ფანჯარას და ზაფხულში ხომ უნდა გავხსნათ ფანჯრები? უკვე შეიძლება ხალხი წავიდეს კიდეც აქედან.

სოფლებში რო იღებენ კანალიზაციას ის მანქანები მოდიან და ყრიან აქეთ-იქით. ხო გრძნობთ როგორი სუნია.

ვიყავით მერიაში, გავაკეთებთ, მოვალთ, ვნახავთო, მაგრამ არაფერი რეაგირება არ ყოფილა.

გაწმენდას მოვითხოვთ, რომ ჩვენ ნორმალურად ვიყოთ, ბავშვები ყავს ხალხს და გარეთ ვერ გამოუშვებენ ამ ზაფხულს. ფანჯრებსაც კი ვერ გავაღებთ", - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

თემასთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით. მერიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, ტერიტორია კი დღესვე დასუფთავდება.

"დაახლოებით 1 კვირის წინ იყო მომართვა ამ ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით, ოღონდ მაშინ არ იყო ასეთ მდგომარეობაში. ჩვენგან მყისიერი რეაგირება მოხდა და მაშინვე მოხდა ამ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება დღეს რა სიტუაციაცაა, 2 დღის წინ შეუტანიათ, საკანალიზაციო ჭები აუვსიათ და გადმოსულა საკანალიზაციო ჭებიდან ეს ნივთიერება. თქვენი წასვლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებაც იმყოფებოდა ფაქტის შესასწავლად და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უნებართვოდ შეიტანა და აავსო ეს ჭები. დღეს აუცილებლად მოხდება ამ ტერიტორიის დასუფთავება. ამასთანავე, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური დეტალურად შეისწავლის ამ პრობლემას, გავარკვევთ ვინ, როგორ, რატომ შეიტანა უნებართვოდ და მოხდება მყისიერი რეაგირება, მუნიციპალიტეტს რაც შეეძლება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. თუ აუცილებელი გახდება, მივმართავთ სამართალდამცავებსაც", - აცხადებენ გარდაბნის მერიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები