პარლამენტში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მას მერე, რაც გუბაზ სანიკიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა და შენობის დატოვებასაც აპირებდა, გასასვლელთან მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატი დაუპირისპირდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მათ შორის არიან დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური.
მანამდე, პლენარულ სესიაზე პრემიერის შემაჯამებელი სიტყვის დროს, სანიკიძესა და ღარიბაშვილს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. სანიკიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით შეიგინა.
"მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი, როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ ყველამ", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, რის შემდეგაც დეპუტატმა შეიგინა.
"შე ნაძირალა, შე ნაძირალა", - გამოეხმაურა სანიკიძეს პრემიერ-მინისტრი და დეპუტატს მიმართა: "შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძისნაირი მორალატეები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები".
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 24 მარტს, ინტერპელაციის წესით დაიბარეს პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.