ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირეს, საერთო ჯამში 302 906 ლარის ღირებულების 44 396 მ2 ფართობის 10 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.