დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ ბავშვი დაახლოებით, 11 საათზე ნახა.
"კოლეჯის წინ ვნახე, ძაღლს ვასეირნებდი, მოვიდა, საქანელაზე იქანავა. მერე მკითხა, თქვენი ძაღლია, რა საყვარელიაო, მადლობა-მეთქი და წავიდა პეტრიწისკენ.
მარტო იყო, სადღაც 11-ზე, ალბათ, ან 12 -ის წუთებზე, ზუსტად ვერ ვიტყვი დროს...", - წერს თვითმხილველი, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში.
გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ მეზობლებიც. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან აცხადებს, გოგონა ბოლოს საქანელაზე ნახეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, "ვიღაც აეკიდა". მისივე განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ გოგონა ჯერ სხვა ადგილზე წაიყვანეს, იქ კი, სადაც შემდეგ იპოვეს, უკვე უგონო მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს.
"მეეზოვეებმა თქვეს, რომ სკოლიდან რომ გამოსულა, საქანელაზე ქანაობდა. შემდეგ ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაც აეკიდა, ალბათ, დიდი ადამიანი. შემდეგ მთელი დღე დაკარგული იყო. ერთმა მეეზოვემ თქვა, რომ, როგორც ჩანს, წაყვანილი ჰყავდათ სადღაც, შემდეგ კი ასეთ მდგომარეობაში დააგდეს კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც იპოვეს", - აცხადებს ადგილობრივი.
მოზარდის ბებიის თქმით კი, როდესაც გოგონა იპოვეს, "გაგუდული იყო, ხოლო ყელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა".
"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... გული ჰქონდა არეული, სახეზე კი მიწა ეყარა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?!", - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge-სთან საუბრისას.