რუსთავის მერიის, ინიციატივით, თბილისის საკრებულოში საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა თბილისის საკრებულოს მასპინძლობისთვის და რაც მთავარია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩალაძეს, იმ ღვაწლისთვის და იმ შთამბეჭდავი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში რუსთავში ეწეოდა“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.
გამოფენის გახსნას, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტარები ირაკლი ზარქუა, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი შატაკიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, ხელოვანები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
,,ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ბატონი გიორგის ნამუშევრების გამოფენას, ის არის მართლაც საამაყო და დიდი ხელოვანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი ქალაქის - რუსთავის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ ასეთი ხელოვანებისა და ადამიანების მასპინძლები ვიყოთ“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
92 წლის უხუცესი ხელოვანი გიორგი ჩალაძე, რუსთავის სამხატვრო სკოლისა და მხატვართა გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელია.
განათლების მიღება პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო, შემდგომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების განხრით გააგრძელა. ფერწერაში მუშაობა მოგვიანებით გადაწყვიტა. სპეციალისტების აზრით, ქანდაკების გავლენა მის ფერწერას სრულიად განსხვავებულ, ინდივიდუალური სტილს ანიჭებს. გიორგი ჩალაძის შემოქმედება არაერთ კატალოგშია შესული, მათ შორის ერთ-ერთია გერმანული ენციკლოპედია - „ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი“.
პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში.