"ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე"

2023-03-15 17:11:02

ბათუმის ბულვარში მდგარი ბატუტის მფლობელ 65 წლის ედუარდ აბრამიანს ​ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს ის ბატუტია, რომელიც 12 მარტს ქარმა დააზიანა - ამ დროს იქ ორი მოზარდი ძმა თამაშობდა, მათგან ერთი დაიღუპა, მეორის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 15 მარტს, იმსჯელა. გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე, დაკავებულის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, საბავშვო ბატუტი ჯაჭვებით იყო დამაგრებული მიწაზე, თუმცა ძლიერმა ქარმა უბედური შემთხვევა გამოიწვია.