პარლამენტის წინ, პარტია "გირჩის" აქცია, სახელწოდებით "არა მონობას" იმართება, სადაც "თავდაცვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.
"გირჩის" დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, "გირჩი" ითხოვს, რომ ჯარისკაცის პროფესია დაფასდეს.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარისკაცის პროფესია დაფასდეს. 125 ლარად ძალით და შლაგბაუმზე დაყენებით არაფერი არ გამოვა. ეს არაფერ შუაში არც პატრიოტიზმთან და არც თავდაცვისუნარიანობასთან", - დასძინა "გირჩის" დეპუტატმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული "თავდაცვის კოდექსი" პარლამენტის ბიუროს 6 თებერვალს წარედგინა. საკანონმდებლო პაკეტი მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორისაა ის, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს. სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება. ამასთან, გუშინ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად რჩება. უწყების ცნობით, სტუდენტები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაივლიან სამსახურს და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.