გამოძიება დაწყებულია

2023-03-08 16:07:46

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.