მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი და კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს შორის აღმოჩნდა რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, საკითხთან დაკავშირებით შატაკიშვილის პოზიცია მოესმინა.
მაჟორიტარ-დეპუტატს ვკითხეთ, რა არგუმენტებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც არაერთი რუსთაველის უკმაყოფილება გამოიწვია და გამოხატავდა თუ არა რეალურად ეს ამ ქალაქის მცხოვრებლების ნებას.
როგორც შატაკიშვილმა განგვიცხადა, საზოგადოებაში ინფორმაცია აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ არასწორადაა გავრცელებული.
"ფართო საზოგადოებაში ძალიან არასწორად გავრცელდა ინფორმაცია და ამას სამწუხაროდ დაერქვა რუსული კანონი, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს ჯერ-ჯერობით არ არის კანონი, აქვს კანონპროექტის სახე და მიღებული იქნა მხოლოდ პირველი მოსმენით. ისე, როგორც ევროპულ პრინციპებსა და ევროპულ ოჯახს შეეფერება, სარეკომენდაციოდ გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში და იქიდან მიღებული დასკვნის შემდეგ, ამ რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედებს ჩვენი გუნდი.
ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეებს აქვთ სურვილი, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და წაიყვანონ არასწორი გზით. ეს კანონის პროექტი ითვალისწინებს მხოლოდდამხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც ქართული კანონმდებლობის შესაბამისად არიან საქართველოში დარეგისტრირებულები, რომელთა წლიური შემოსავალი 20%-ს აღემატება და იქნება დაფინანსებული უცხოური წყაროებიდან. მოსაზრება, რომ კანონი გავრცელდება კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე ან ამ არასამთავრობოებში დასაქმებულ ადამიანებზე, ეს არის მტკნარი სიცრუე და მეტი არაფერი.
გამჭვირვალობა არის დემოკრატიული პრინციპი. გამჭვირვალობა, განხილვა, დისკუსიის წარმოება და წარმართვა - ამაში უცხო არაფერი არ არის. თქვენც გეტყვით და რუსთაველ საზოგადოებასაც ვეტყვი, რომ ურყევია ჩვენი ნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ამ კურსს მე არ გადავუხვევ არავითარ შემთხვევაში", - განაცხადა შატაკიშვილმა.
მას ასევე დავუსვით კითხვა, რა პოზიცია აქვს დასავლელი პარტნიორების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც, ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
"ყველა ამ განცხადებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა. გეზი, კურსი და ორიენტაცია პროდასავლური გვაქვს, პროევროპული გვაქვს და ეს არ შეგვიცვლია", - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.
ასევე, ჩვენი კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა შანსი, მან მომდევნო მოსმენებზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს, შატაკიშვილი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით, წინაა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს საქართველოს პარლამენტი.
"წინ გვაქვს რა პროცესი? რომ კანონის პროექტი გადაიგზავნოს ვენეციაში, ვენეციის კომისიამ დაგვიბრუნოს დასკვნა, რომელსაც ასევე სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მერე დასხდება პარლამენტი, საკომიტეტო მოსმენებს წარმართავს საზოგადოების ჩართულობით, რაშიც მივიღებ მონაწილეობას, რადგან იურიდიული კომიტეტი წამყვანი კომიტეტი გახლავთ და მე წევრი ვარ ამ კომიტეტის, მოვისმენ ყველა მხარის არგუმენტს და ამის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ყველა მხარის პოზიცია, გავერკვეთ, რას შეეხება ეს კანონის პროექტი, გავიაზროთ, რომ არავის საქმიანობაში ხელი არ შეეშლება და მივიღოთ რაციონალური, ობიექტური გადაწყვეტილება, ძალიან მშვიდად", - აცხადებს შატაკიშვილი.