"განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენიმე გასროლა განახორციელა"

2023-03-08 15:42:35

საქართველოს პროკურატურამ,  „ბიზნეს ცენტრი დელისის“ ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 მარტს, „ბიზნეს ცენტრი დელისის“ ეზოში ყოფნისას ბრალდებულმა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენიმე გასროლა განახორციელა  „ბიზნეს ცენტრი დელისის“ ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის მიმართულებით. გასროლის შედეგად ბიზნეს ცენტრის მფლობელმა სხეულის დაზიანება მიიღო, ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 მარტს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.