რუსთავის მერიისა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ურთიერთანამშრომლობის შედეგად, ელექტროგამანაწილებელი ჯიხურების შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.
უსაფრთხო ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავის მერიის ინიციატივით, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული სატრანფორმატორო ჯიხურების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. საწყის ეტაპზე რუსთავის ტერიტორიაზე ხუთი შენობის რეაბილიტაცია მოხდება.
ელექტროგამანაწილებელი ჯიხურების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიის ორგანიზებით, შენობების ფასადები მოხატვა მეგობრობის #19, #33 და #39-თან, ასევე მე-12-ე მიკრო რაიონის #9-თან და #18-თან მოხდება.
"კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" რუსთავის მერიისა და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეირჩა ხუთ მისამართზე განთავსებული შენობები, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული და მოხდება მათი სრული რეაბილიტაცია", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ელექტრო ქსელის გამანაწილებლების რეაბილიტაციის ფარგლებში აქტიურად ახორციელებენ, როგორც მაღალი და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებას, ასევე უშუალოდ სატრანსფორმატორო ჯიხურების შენობების სრულ რეაბილიტაციას.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.