"ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა"

2023-03-06 15:04:01

ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.

„ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის აუცილებელი და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, - აღნიშნა ელჩმა.