რუსთავში დაკავებული ფართები, კიდევ 25 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში

2023-03-04 11:40:57

რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, საკუთრებაში  კიდევ 25 ოჯახს გადაეცა დაკავებული ფართი.

ინფორმაცია ბინების დაკანონების შესახებ, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გააცნო და მთავრობის განკარგულების ასლი გადასცა.

,,ბინების დაკანონების პროცესი, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები, წლებია ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ ფართებში, რომელიც მათი საკუთრება არ იყო.  სწორედ პრემიერის გადაწყვეტილებით და ჩვენი გუნდის ჩართულობით, დღეს მათ გადავეცით დოკუმენტაცია, რომლითაც შეძლებენ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დაირეგისტრირონ ბინები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

25 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები მთავრობის განკარგულებით გადაეცა, საკუთრების მოწმობის ასაღებად მხოლოდ საჯარო რეესტრის რეგისტრაცია დასჭირდება.

,,რუსთავში, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, დღეს 25 ოჯახს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადავეცით თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციირებით ამ დროისთვის, რუსთავში 650-მდე ოჯახს აქვს  ფართები საკუთრებაში გადაცემული. აღნიშნული პროექტი აქტიურად გაგრძელდება, მოლოდინის რეჟიმში მყოფ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მათი მოთხოვნაც დროულად იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს და დღემდე,  საცხოვრებელი ფართი  უკვე 650- მდე რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა.
ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები, კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.