რისთვის დაჯარიმდებით 300 ლარით

2023-03-02 19:54:35

პარლამენტი განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელითაც საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისთვის ჯარიმა ახალი წესით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება/განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. შესაბამისად, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

"შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება (რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია) სათანადო რეაგირების გარეშე რჩება",- წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენა კი 500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით ითვალისწინება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ცვლილება არ ეხება ისეთ შემთხვევებს, რომელიც  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, მაგალითად, გრაფიტით კონკრეტული ადგილების მოხატვა და ა.შ.