კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების საქმეზე 18 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

2023-03-02 14:50:29

რეგულირების სააგენტომ, ბოლო 3 წელში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის შესწავლა დაიწყო - 5 პაციენტის საქმეზე, 18 ექიმ-სპეციალისტს პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 2 ექიმ-სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ-სპეციალისტს კი "წერილობითი გაფრთხილება" მიეცა.

"2020 წელს დაწყებულ იქნა 13 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;

- 2021 წელს - 36 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;

- 2022 წელს - 30 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა.

დასრულებულია 10 შემთხვევის შესწავლა, საიდანაც 5 შემთხვევაში, გამოვლინდა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა და აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 ექიმ-სპეციალისტს (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს) განესაზღვრა სხვადასხვა ზომის პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის, 2020 წლის 1 სამედიცინო შემთხვევაში, 2021 წლის 3 სამედიცინო შემთხვევაში, 2 ექიმ- სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ- სპეციალისტს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება; 1 სამედიცინო შემთხვევის განხილვა გადაიდო (დამატებითი შესწავლის მიზნით)",- აღნიშნულია ინფორმაციაში.