სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგი

2017-10-26 18:37:34

სამოქალაქო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგში, რომელიც რუსთავში ჩატარდა.

ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და თვითმმართველობების მიერ დაფუძნებულმა არა-კომერციული იურიდიული პირების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ეროვნული პოლიტიკის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი განვითარებისთვის,დაინტერესებულ მხარეთა როლის შესახებ პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, ევროკავშირის LEADER (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი) მიდგომისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესახებ.

რუსთავში ჩატარებული ტრენინგი პირველია ტრენინგების სერიიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ტრენინგ-პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას საქართველოს რეგიონებში. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრენინგები დაგეგმილია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით.