ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროებთ. რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებაში.