პროკურატურა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულების დასაშვებობაზე, ახალი მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებითაც იშუამდგომლა. კერძოდ, პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ვინაიდან ბადრი ესებუა ძებნაში იმყოფებოდა, მისგან ხმისა და სუნის ნიმუშების აღება ვერ განხორციელდა, რის გამოც, ოდოროლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო ითხოვა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროს.
მოსამართლე ეკატერინე ბებიას განცხადებით, ის დაცვის მხარეს არ შეზღუდავდა, რის გამოც, სხდომა გადადო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.