ავარიას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-02-16 17:42:54

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა, მძიმეა ამავე შემთხვევის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" გერმანულ ჰოსპიტალში განუცხადეს, ერთ-ერთი პირი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე კი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა.

რაც შეეხება ალადაშვილის სახელობის კლინიკას, კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ:

"2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, ერთის კი მეტ-ნაკლებად სტაბილური, ის მკურნალობას ნევროლოგიაში აგრძელებს".

ინფორმაციისთვის, ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "თავადურთან" მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები