რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია "შინ მოვლის" პროგრამას იწყებს.
პროგრამით ისარგებლებენ "უძლურების შეფასების ბართელის კითხვარი"-ს მიხედვით მინიჭებული ქულის მქონე პირები ( ქულა არ უნდა აღემატებოდეს 95-ს), რომლებიც მწოლიარენი არიან ან უბრალოდ სამედიცინო/სოციალურ დახმარებას ბინაზე საჭიროებენ.
"შინ მოვლით" გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარებას, პერსონალურ მოვლას, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალურ დახმარებას ითვალისწინებს.
შესაძლებელია, ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე, დადგინდეს მოვლის ინდივიდუალური გეგმა, რაშიც იგულისხმება:
1. საექიმო და საექთნო მომსახურება (დაავადებების გართულების პრევენცია): ნაწოლები, ქირურგიული გადახვევები, მედიკამენტების მიწოდება;
2. პერსონალური მოვლა - მოსარგებლის ჰიგიენური მოვლა, კვება და სხვა საჭირო აქტივობები;
3. საყოფაცხოვრებო დახმარება - ბინის დალაგება, ჭურჭლისა და სარეცხის დარეცხვა.
ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვა სერვისების ორგანიზებაც, რომელიც აღნიშნულ ჩამონათვალში მოცემული არ არის.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ, სრულწლოვან ადამიანებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-სს არ აღემატება და შშმ პირებს, რომლებიც რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან უწყვეტად, ბოლო 2 წლის განმავლობაში. წყვეტის შემთხვევაში, რესგიტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს რუსთავის საზღვრებს გარეთ. პროგრამით სარგებლობა ასევე შეუძლიათ მუდმივი ბინადრობის მქონე პირებსაც.
მსურველმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მერიას და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
3. მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ № IV – 100/ა;
4. საინფორმაციო ბარათი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (არსებობის შემთხვევაში);
5. დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (საჭიროების შემთხვევაში);
მას შემდეგ, რაც წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმდება და პირის მდგომარეობა შეფასდება, იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მოგეცემათ თუ არა პროგრამით სარგებლობის უფლება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ვიზიტი დაგიფინანსდებათ, აღნიშნული ბართელის ინდექსის მიხედვით განისაზღვრება.
პროგრამით არაუმეტეს 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.