მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ძლიერი მიწისძვრები

2023-02-08 14:47:55

ასეთი ძლიერი მიწისძვრა, როგორიც თურქეთში იყო, საქართველოში მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა "მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სეისმურად აქტიური არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.

"ასეთი ძლიერი მიწისძვრა, როგორიც თურქეთში იყო, საქართველოში მოსალოდნელი არ არის.

ჩვენთან, გაცილებით სუსტ მიწისძვრას, თუ ის 5 მაგნიტუდის არის და დიდ ქალაქთან ახლოს ხდება, ძალიან დიდი ზარალის და მსხვერპლის მოტანა შეუძლია. სამწუხარო გამოცდილება უკვე გვაქვს, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ რა ზარალი მოიტანა, ხალხიც დაიღუპა.

ჩვენთან მკვეთრად გამოხატული სეისმური საფრთხის მქონე ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედი, მისი ცენტრალური ნაწილი, აღმოსავლეთით კახეთის მხარე, ჯავახეთის ზეგანი. ეს ადგილები მეჩხრად არის დასახლებული.

სეისმურ რისკზე, მსხვერპლსა და ზარალზე თუ ვისაუბრებთ, აქ თბილისია ყურადღება მისაქცევი. მიუხედავად იმისა, რომ სეისმურად აქტიური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.

თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ სეისმომედეგი მშენებლობა იყო. კარგად აშენებული ახალი შენობა გაცილებით საიმედო უნდა იყოს. თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს. ჩვენ გვახსოვს, რომ 4.5-იანმა ბალიანმა სერიოზულად დააზიანა 12 ათასამდე შენობა, მსხვერპლიც კი იყო.

პირველ რიგში, მიწისძვრისგან დაცვისთვის მნიშვნელოვანია სეისმომედეგი მშენებლობა. თვითონ მოსახლეობამაც უნდა მოსთხოვოს მშენებელს, ადგილობრივ, თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.

მუშაობა მიმდინარეობს ახალ ნორმებზე, ევროპულ სტანდარტებს, რომ შეუერთდეს სეისმომედეგური მშენებლობა. თუ არ ვცდები მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ, 1-2 წელში იქნება მზად", - აღნიშნავს ზურაბ ჯავახიშვილი.