ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

2023-02-01 13:07:28

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს.

"სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია იწარმოებს.

"ხვალიდან თვენახევრის განმავლობაში, ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს", - აღნიშნა კახა კალაძემ.