"ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის"

2023-01-27 19:21:08

რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, პროექტის "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ფარგლებში, მესამე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატები ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ხორციელდება.

"პროექტის ფარგლებში მოაზრებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მათ შორის ახალგაზრდებისათვის კონკრეტული ცოდნისა და გამოცდილების მიცემა მეწარმეობის თვალსაზრისით და შემდეგში მათი მხარდაჭერა ფინანსური რესურსებით, რათა მოქმედმა და დამწყებმა ახალგაზრდა მეწარმეებმა მოახდინონ საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზება, წამოიწყონ ან გააძლიერონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა და ხელი შეუწყონ რეგიონებში დასაქმებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, დღვანდელი ღონისძიება კი მიზნად ისახავდა, უშუალოდ ამ რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის 1 კვირიანი სასწავლო პროგრამის შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც, გარდა ცოდნისა და გამოცდილების მიღებისა, ახალგაზრდები ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარ ბიზნეს გეგმებზე და შემდგომ უკვე, მზა პროდუქტის სახით წარსდგებიან  დაფინანსების კომისიის წინაშე. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ დაფინანსებას ბიზნეს იდეის განსახორციელებლად", - აცხადებს პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი.

ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგებიში (Business Excellence Trainings/ BET) მონაწილეობის საშუალება სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ 200-მდე ახალგაზრდას მიეცა.

"ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" გრძელვადიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, ის ხელს შეუწყობს 1500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.