"რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" განცხადება:
"ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პარალელურად, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების კვებისა და სანიტარული ნორმების ინსპექტირების განყოფილებამ ფილიალების მონიტორინგი დაიწყო. დეტალურად შემოწმდა სამზარეულოები, საკვების მომზადებისა და ჯგუფში ულუფების გაცემის პროცესი.
შემოწმდა პროდუქტის საწყობებში, საპირფარეშოებსა და სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
ბაღებში დანერგილი ჰასპის ( HACCP) -ის სისტემის მდგრადობის შენარჩუნების, სამომავლოდ ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აღსაზრდელთა ჯანსაღი კვებისა და უსაფრთხოების მიზნით სასწავლო წლის დასრულებამდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება შიდა მონიტორინგი.
ასევე, იანვრის თვეში, სასწავლო პროცესის განახლებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, შემოწმდა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებული ფილიალები, ინსპექტირება დასრულდა დადებითი შედეგით." - ნათქვამია განცხადებაში.