რუსთავის სასაფლაოს ნაწილი დატბორილია [ვიდეო/video]
ე.წ. ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, რამდენიმე საფლავი წყალშია მოქცეული. "ინფო რუსთავს" აღნიშნულის შესახებ, რუსთავის მაცხოვრებელმა აცნობა. მისი თქმით, სასაფლაოზე სავალალო სიტუაციაა.
"8 წელია ამ სასაფლაოზე დავდივარ, მამა მყავს დაკრძალული და ასეთი მდგომარეობა სხვა დროს არ მინახავს. ცხელ ხაზზე დავრეკე მერიაში, მითხრეს რომ მიზეზს დაადგენდნენ. დავრეკე კომპანია "რუსთავის წყალშიც", სადაც მითხრეს რომ გრუნტის წყლებია დაგროვილი და მალე მოგვარდება პრობლემა, მაგრამ მე არ მგონია გრუნტის წყლები იყოს, არც უწვიმია ამ ბოლო დღეებში. რამდენიმე საფლავი უკვე წყალშია, მალე მამაჩემის საფლავიც მოყვება წყალში" - აცხადებს ლევან ნოზაძე.
"ინფო რუსთავი" სიტუაციას ადგილზე გაეცნო და მესაფლავეს გაესაუბრა, რომლის თქმითაც, სასაფლაოს ნაწილი თითქმის 2 თვეა დატბორილია. მისივე ინფორმაციით, მოქალაქეები კონკრეტული ადგილით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ და მიცვალებულების დაკრძალვა, სხვა გარდაცვლილი ოჯახის წევრებისგან მოშორებით, ახალ ტერიტოროაზე უწევთ.
"ჭირისუფალი თხრიდა საფლავს, მაგრამ ვეღარ გათხარა, ამოვიდა წყალი, ერთი მშობელი აქ ჰყავდა დამარხული და მეორე წაიღო იქით. კარგა ხანია ასეა, დეკემბრის შემდეგ" - მესაფლავე.
"ინფო რუსთავმა" აღნიშნულთან დაკავშირეთ რუსთავის მერიას მიმართა, მათი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან.
"ადგილზე იყვნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის რუსთავსერვის ცენტრისა და კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები. დატბორილი ტერიტორიიდან წყალი ამოიტუმბა", - აცხადებენ რუსთავის მერიაში.