საგარეჯოში მომხდარის დროს დაჭრილებიდან "ჯეო ჰოსპიტალსში" მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სამიდან ერთ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც ჭრილობების ქირურგიული დამუშავება უკვე ჩაუტარდა და მისი კლინიკიდან გაწერა იგეგმება.
რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელიც 21 წლისაა, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"კლინიკაში ცეცხლნასროლი ნაკვეთი ჭრილობებით შემოვიდა 6 ავადმყოფი. მათგან ერთ-ერთი, პოლიციელი გარდაცვლილია. ხუთ პირს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა. ერთ-ერთი მათგანი გადაყვანილია თბილისის სპეციაიზებულ კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში 4 ავადმყოფი რჩება, აქედან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმე, რომელიც ამ ეტაპისთვის, ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. მას აქვს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუს და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
ექიმის ინფორმაციითვე, კლინიკაში მყოფი ოთხი პაციენტიდან სამი კონტაქტურია, რომლებსაც სამართალდამცავებმა ჩვენება უკვე ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.