სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.
ამ საკითხზე ერთმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა და დაწერა, რომ მისი შეფასებით კონვენციის მეორე მუხლი როგორც პროცედურულ, ასევე არსებით ნაწილებშიც დაირღვა.
რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), რომელზეც მოსარჩელეები დავობდნენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ განიხილა, კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე). კი განაცხადა, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილის გნახილვის აუცილებლობა.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, გაღებული ხარჯებისთვისკი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სარჩელი "სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაგზავნა. სარჩელში ორგანიზაცია დავობდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს.
ოჯახის წევრები ასევე დავობდბენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
გადაწყვეტილება უკვე შეაფასა "სოციალური სამართლიანობის ცენრმა". ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური:
"სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა;
ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო", - ნათქვამია ორგანიზაციის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აღნიშნავს, რომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.
ამასთანავე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, რომ სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო:
"ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.