რუსთავში, შარტავას #13-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა, "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ კორპუსის სარდაფებში წყალი დგება, რაც საცხოვრებელი სახლისთვის საფრთხის შემცველია.
მოქალაქემ საინფორმაციო სააგენტოს პრობლემის გაშუქება სთხოვა, რადგან მისი თქმით, შესაბამისი სამსახურებისგან დახმარება ვერ მიიღეს.
"1 წელიწადია ველოდებით გაკეთებას. რა თქმა უნდა, თანადაფინანსებით, როგორც აგვიხსნეს, ნახევარი იქნება თუ მეტი, მოსახლეობას მოუწევს გადახდა და ამაზე საუბარი არც არის. ეს სახლი დიდი ხანია წყალში დგას, შევწუხდით, მუდმივად დგას ეს პრობლემა. კერძოდ ვატუმბინებთ ხოლმე, მაგრამ ახლა 1 თვეზე მეტი კია ეს წყალი დგას აქ. 1 წლის წინ შევიტანეთ განცხადება, მოვაწერეთ მეზობლებმა ხელი, მაგრამ რეაგირება არაფერი. უბრალოდ დაინგრევა ეს სახლი, 6 სადარბაზოიანი კორპუსია და ამდენი მაცხოვრებელი დარჩება უსახლკაროდ", - აცხადებს მოქალაქე.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის მერიას დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ პრობლემას დაზიანებული ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა იწვევს და კომპანია "რუსთავის წყალთან" გადაგვამისამართეს.
როგორც "რუსთავის წყალში" აცხადებენ, სექტემბრის შემდეგ კომპანიისთვის მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აღარ მიუმართავს.