რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2023-01-13 15:04:20

რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარს და მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენა- რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან, ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ,,სოკარის“, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 ,,ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, გარე განათება და მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტი 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტს შეადგენს და ძალიან მალე ეს ტერიტორია იქნება კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა მილსადენი და დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტები, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კი  ძირითად სამუშაოები უკვე შეასრულა. აღნიშნულ ქუჩებზე კომპნია ,,სოკარი“ მთლიანად განაახლებს გაზსადენის ქსელს.

9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა.

სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.