ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან.
დღეის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ჩოხატაურში დროებით თავშესაფრის გარეშე დარჩა 7 ოჯახი. დაზარალებული ოჯახები მერიის დახმარებით, დროებით ქირით არიან გაყვანილი.
ამასთანავე, ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ელექტრო გადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირისმილებიც დააზიანა.
მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზას ათავისუფლებდნენ ფოთში.
ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
მისივე თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების, ერთ-ერთი საჯარო სკოლის, საჯარო დაწესებულებების და მრავალსართულიანი ბინების სახურავები. მოგლეჯილია ხეები, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის დიდი ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება და შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს შესაბამისად აღწერს.
მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთში. ძლიერმა ქარმა ქუთაისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში შენობებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, რის გამოც რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება. გუშინ, ხის წაქცევის შედეგად ვანში, ორი ადამიანი დაშავდა.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წუხელ ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა.
"იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.