ყოფილი დირექტორის პროცესი რუსთავის სასამართლოში [video]

2023-01-11 19:22:19

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მე-20 სკოლის ყოფილი დირექტორის, ირმა იჩქიტიძის პროცესი გაიმართა. [ვიდეო/video]

იჩქიტიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა არსებითი განხილვის აღნიშნული პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა დააკმაყოფილა.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის უფლებადამცველმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დაცვის მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ირმა იჩქიტიძისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება.

"დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე, დაზარალებულის კლასის დამრიგებელი. მისგან მოვიპოვეთ საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დაცვის მხარის მოსაზრებით გამამართლებელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ირმა იჩქიტიძესთვის. გრძელდება არსებითი განხილვა და დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

დაცვის მხარეს თავადაც აქვს გამოძიება ჩატარებული აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. ყველა დეტალს და თავად ქართლოს სამარგულიანის ბრალდებას თავი რომ დავანებოთ, დაცვის მხარეს მტკიცებულებით ადასტურებს, რომ მან მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სწორედ მისი ზარის შემდეგ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე",- აცხადებს ადვოკატი.

სხდომის დაწყებამდე სასამართლოს შენობის ეზოში ირმა იჩქიტიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები