საქართველოს პროკურატურამ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონფლიქტის დროს, გ.ც.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავდროულად, რ.ა.-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა.-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.