ავტომობილებს ხმაურზე გააკონტროლებენ

2023-01-01 17:47:53

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდა.

აღსანიშნავია, რომ ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმიც გამკაცრდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე შემცირდა. ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ.