მერიის წინ პროტესტის ნიშნად მკვდარი ძაღლი მიიტანეს

2017-10-19 13:51:13

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრების" ხელმძღვანელმა რუსთავის მერიას  მუნიციპალური თავშესაფრის ვეტერინარის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ირინა ლიკლიკაძემ პროტესტის ნიშნად დღეს მერიასთან მკვდარი ძაღლი მიიტანა.

,,ცხოველთა მეგობრების" ხელმძღვანელის განცხადებით, მუნიციპალიტეტის თავშესაფარში ძაღლებს სტერილიზაციას არასწორად უკეთებენ, რაც ოპერაციის შემდეგ ნაკერების გახსნას და ცხოველების დაღუპვას იწვევს - "პატრული გამოვიძახე და საქმე აღიძრა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, მუნიციპალური სამსახურისგან გასტერილებული ორი ძაღლიდან ერთი დაიღუპა ცუდად გაკეთებული ოპერაციის გამო"

ირინა ლიკლიკაძე ვეტერინარ ჯუსტინა ტატუსიანის სამსახურიდან გათავისუფლებას და გამოძიების დასრულებამდე მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირების შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც "ინფო რუსთავს" ფაქტთან დაკავშირებით"დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბადრი მოდებაძემ განუცხადა, თავშესაფარი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის დაახლოებით 1800-მდე ოპერაციიაა გაკეთებული, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ოპერაცია ფატალურად სრულდება.  "თუ დადგინდება ვეტ.ექიმის ბრალეულობა, სამსახურისგან მიღებული იქნება შესაბამისი ზომები და შესაძლებელია ვეტერინარმა თანამდებობა დატოვოს" - აცხადებს ბადრი მოდებაძე.